კახეთის კავკასიონი,
კავკასიონის უკიდურესი აღმოსავლეთი მონაკვეთი
საქართველოს ფარგლებში. იწყება მწვერვალი
დიდი ბორბალოდან და მთავრდება მწვერვალ
ტინოვროსოსთან. ჩრდილოეთი საზღვარი მიუყვება კახეთის კავკასიონის ალპურ ლანდშაფტიან თხემს, ხოლო სამხრეთი — მთისწინეთს. მოიცავს მდინარე
ალაზნის ზემო დინების ხეობას (
პანკისის ხეობა), ალაზნის მარცხენა შენაკადებისა და
ილტოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) აუზებს. აგებულია ძირითადად ქვედა და შუაიურული ასაკის თიხაფიქლებისა და ქვიშაქვების ინტენსიურად დანაოჭებული წყებებით. ქვემო კალთებზე აქა-იქ
ცარცული სისტემის ნალექებია. მდინარეების
დიდხევის,
სტორისა და
ლოპოტის ხეობებში გავრცელებულია პალეოზოური გრანიტოიდები, კრისტალური ფიქლები და მარმარილო. მთავარი წიაღისეულია მარმარილო (ლოპოტის), მინერალური სამკურნალო წყალი (
თორღვას აბანოს). კახეთის კავკასიონის რელიეფში გაბატონებულია მთავარი ქედის მოკლე, ციცაბო, ეროზიული განტოტებები და მდინარეთა ღრმა გარდიგარდმო ხეობები. კახეთის კავკასიონის თხემური ზოლის დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია მეოთხეული გამყინვარების კვალი. კახეთის კავკასიონისთვის დამახასიათებელია ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობა დაწყებული ზომიერად თბილიდან დამთავრებული მაღალმთის ნამდვილ ზაფხულს მოკლებული ჰავით. მდინარეებს ახასიათებს წყალმოვარდნა და სელური ღვარები (ღვარცოფი), წყალდიდობა აპრილ-ივნისში, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში. სუბალპურ და ალპურ ზონაში არის მცირე ზომის ტბები:
გრძელი ტბა,
ნახევარტბა,
მართოთი და სხვა.
კახეთის კავკასიონის ქვემო კალთებზე მთის ტყის ყომრალ ნიადაგებზე განვითარებულია მუხნარ-რცხილნარი, რომელსაც ურევია
წიფელი,
წაბლი,
ცაცხვი და სხვა. ზემო კალთებზე ღია ფერის და გაეწრებულ ტყის ყომრალ ნიადაგებზე გაბატონებულია წიფლის ტყე. მასში შერეულია
რცხილა,
ნაკერჩხალი და სხვა. კახეთის კავკასიონისთვის დამახასიათებელია კოლხეთისა დაჰირკანის მცენარეულობის რელიქტები:
ძელქვა,
ბზა,
თალიშური სურო და სხვა. ტყის ზონის ზემოთ არყის ტანბრეცილი ტყეებია, არის აგრეთვე
ცირცელი,
ბოკვი. უფრო ზემოთ (2400—2500 მ-იდან) მთის კორდიან და კორდიანტორფიან ნიადაგებზე გავრცელებულია სუბალპური და ალპური ბალახეულობა, რომელსაც იყენებენ საძოვრებად. ჩრდილოეთი ექსპოზიციის კალთებზე დეკიანებია. კახეთის კავკასიონზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავიანი შერეული ფართოფოთლოვანი მთა-ტყისა და მთა-მდელოს ლანდშაფტები. მის ტერიტორიაზე არის
ლაგოდეხის,
ბაწარისა და
ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალები. კახეთის კავკასიონის მთავარ მდინარეთა ხეობების ქვემო ნაწილები ათვისებულია სამეურნეოდ.
No comments:
Post a Comment