Thursday, November 11, 2010

დღესასწაულები


ფიროსმანობა

დიდი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილისადმი მიძღვნილი დღესასწაული "ფიროსმანობა" ყოველწლიურად ოქტომბრის თვის მესამე შაბათს, მის მშობლიურ სოფელში - მირზაანში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმართება.

მუზეუმის ტერიტორიაზეა თავად მხატვრის მიერ აგებული სახლი, სადაც ფიროსმანის სახლ-მუზეუმია განთავსებული. მუზეუმში წარმოდგენილია მხატვრის ტილოების ექსპოზიცია, დაცულია მისი პირადი ნივთები. სახალხო ზეიმზე თავს იყრიან ხელოვნების მოყვარულები; ეწყობა ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

იმართება შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ფოკლორული კოლექტივები. ადგილზე მზადდება ჩურჩხელები, იხარშება ხინკალი, თონეში ცხვება "დედას პური", შამფურზე იწვება მწვადი.


ილიაობა

ყოველწლიურად დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს - 8 ნოემბერს ყვარელში დიდი სახალხო დღესასწაული იმართება.

ილიას მემორიალურ ეზოში ტრადიციულად ცხვება შოთი პური, იწვება მწვადი, კეთდება თათარა, წისქვილში იფქვება ხორბალი, საწნახელებში მამაპაპური წესით (ფეხით) იწურება რქაწითელი და საფერავი, მარანში გაისმის კახური მრავალჟამიერი, იმართება სპორტული და საზეიმო ღონისძიებები.

20 წლის წინ 1987 წლის 2 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა და მას შემდეგ იგი "წმინდა ილია მართლად" მოიხსენიება.

ქეთევანობა

სახალხო დღესასწაული "ქეთევანობას" სოფელ გრემში ზეიმობენ. კახეთის დედოფალი ქეთევანი ეროვნული პრინციპეპის დამცველი, რწმენისა და სამშობლოსათვის წამებული დედოფალია. იგი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.

"ქეთევანობაზე" იმართება საეკლესიო სადღესასწაულო ლიტურღია, სახალხო სეირნობები, ტრადიციული ქართული ეროვნული თამაშობები - ჭიდაობა, ლახტი და ქართული ფოლკლორის კონცერტი.

გრემქალაქობა

ქალაქი გრემი 150 წლის მანძილზე კახეთის დედაქალაქი იყო. დღეს გრემის ტერიტორიაზე უძლიერესი სამონასტრო კომპლექსია განლაგებული, სადაც ყოველდღიური წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. სახალხო დღესასწაული რელიგიურს შეერწყა და ერთდროულად გრემქალაქობაც არის და მარიამობაც.

ყოველწლიურად 28 აგვისტოს იმართება სახალხო ზეიმი, იმართება ქართული სპორტული ჭიდაობა და ხალხური სიტყვის ზეიმი.


ერეკლეობა

სახალხო დღესასწაული ერეკლეობა ტრადიციულად ყოველი წლის 7 ნოემბერს აღინიშნება. მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე იშლება ფაცხები, თელავის სტუმრებს საშემოდგომო ნობათს სთავაზობენ. ეთნოგრაფიული კუთხეებში, წარმოდგენილია ხალხური რეწვის ნიმუშები გამოფენილი; ღია ცის ქვეშ იმართება თელაველი მხატვრების გამოფენა-გაყიდვა. თეატრში იდგმება ამ დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენები; ღვინის კომპანიები აწყობენ ღვინის დეგუსტაციას, ხშირად საეკლესიო გალობების თანხლებით.

მეფე ერეკლე II-ს საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი მხედართმთავრული და პოლიტიკური ნიჭით იყო დაჯილდოვებული. ერეკლე II-მ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის. ქვეყანაში შემოიღო სამხედრო სისტემა, მმართველობა ცალკეული უწყებების მიხედვით დაანაწილა. თანამიმდევრული ღონისძიებების განხორციელებით ქვეყანაში შექმნა კულტურისა და განთლების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები: თბილისსა და თელავში დაარსდა სკოლები და სემინარიები, ჩამოყალიბდა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი; აშენდა საწარმოები, განახლდა ზარაფხანის მუშაობა.

ერეკლეს სახელს უკავშირდება ციხე-სიმაგრეების, ეკლესია-მონასტრების, ხიდების, გზების და სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობების აშენება და აღდგენა.

No comments:

Post a Comment