Thursday, November 11, 2010

ლექსები კახეთზე

გომბორის მთვარე დაიფშვნა, მაგრამ
მაინც აქამდე თავის ნანგრევებს უძლებს უჯარმა,
გასტანოს ძმებო, ჩვენს სიკვდილამდე
ამ სიყვარულის ცეცხლის გუჯარმა
ასეთი იყო ის ღამე მაშინ,
ვახტანგს რომ ციდან მოესმა რეკა
დღესაც ქვითინით სტირიან ცაში
ვაჟა-ფშაველას ღვია და დეკა.
და სართიჭალის მეთარე საქო
ჩვენთვის აკაკი მღერის “სულიკოს”
ჩვენც ხო იმისთვის გვყოლია სატრფო
რომ ისიც ასე დაკარგულიყო.
აშუღმა თავის თქვა აშულური
სხვა სათქმელი აქვს ამ ჩვენს სამებას,
მაგრამ გაგვიხდა სიტყვა უძლური
და სათითაოთ ენა დაგვება.
მელიტა, ნინო, რძალი ზენარი –
მშვენიერებით შეემოსა კალთები კახეთს,
დაქალებული ვეფხვიც ეგ არი,
ბეწვის ხელიდან სამოთხე ვნახეთ.
დედის რძესავით ტკბილია ღამე,
იორი ჩქეფით ოცნებას არწევს.
გამოვა წამით გომბორის მთვარე
და გორგასალი ხმალით გადასწევს.

ტ. ტაბიძე


ნინოობა დღეს
თითქმის უცვლელად
ამ გზებზე ქარნი
ქრიან ძლიერნი.
იფარებიან
გზები ბურუსით,
თითქოს... რაღაცას
მოელიანო...
ცას შეავედრებს
დათოვლილ სოფლებს, -
ნათელი რამე
გზაზე დგებაო:
ბოდბედან თვისი
კაბის შრიალით,
ამბობენ, ნინო
მობრძანდებაო.

ანა კალანდაძე

ცივ-გომბორიდან სიმღერით

სიცოცხლის გადასახედი

მოსჩანს იისფერ ნისლებში

კახეთი, ჩემი კახეთი.

ღრუბლებში ამაღლებული

დგას ალავერდის ტაძარი,

ფიქრივით მიმოფანტულა

ნანგრევები და ნაცარი

იყალთოს დიდი ტაძრისა,

იყალთოს სიბრძნის ტაძრისა

რომლის სხივებმა წინაპარს

გზა მწუხრში გაუნათლისა.

ცივ-გომბორიდან სიმღერით

სიცოცხლის გადასახედი,

კახეთი ტკბილი კახეთი.

ი. ნონეშვილი

ლურჯად ბიბინებს ზღვა სანახეთა,
სიშორე ჰყვირის, როგორც თავხედი.
მე სიღნაღიდან ველს რომ გავხედავ,
მაშინ მივხვდები - რაა კახეთი!

რა ლამაზია ეგ დასაწვავი,
რა უშფოთველი და სამოთხური...
შორს ალაზანი, როგორც ნაწნავი,
გდია ჭალებით გარშემორტყმული,
აქეთ - ანაგა, იქით - ვაქირი,
ცა - დაკეტილი მთების სარაზით...

და მაშ, რა არი აქ გასაკვირი,
რომ მეც დავთვერი ამ სილამაზით!

მიხეილ ქვლივიძე

კახური სამზარეულო

სამზარეულო

საქართველოს ყოველ მხარეს მისთვის დამახასიათებელი სამზარეულო აქვს. კახეთში უფრო პოპულარული ხორცის კერძებია, რაც მეცხოველეობის განვითარებასთანაა დაკავშირებული. ხშირად მზადდება მწვადი, ხინკალი, ხაშლამა, ჩაქაფული.
მწვადი - წალამზე (ვაზის ხმელი ტოტების ნაკვერჩხალი) შემწვარი ღორის, ხბოს, ან ბატკნის ხორცი; დელიკატესად ითვლება სუკის მწვადი. ხორცს სპეციალურ ჩხირებზე - შამფურზე აგებენ, რისთვისაც ხშირად თხილის ჯოხებს გამოიყენებენ. წალამი და თხილის შამფური კერძს განსაკუთრებულ არომატს სძენს. ხშირად ხორცს შეწვამდე რამდენიმე საათით ადრე სპეციალურად დამზადებულ მარინადში აჩერებენ. ამგვარი წესით დამზადებულ მწვადს ბასტურმას უწოდებენ. მწვადს თან ახლავს პომიდვრის წვენისაგან დამზადებული საწებელი ან ტრადიციული ქართული სოუსი - ტყემალი, რომელსაც ტყემლის ან ღოღნაშოს ნაყოფისგან ამზადებენ. მწვადთან, როგორც წესი, წითელი ღვინო ისმევა.
ხინკალი - თხელი ცომის ფირფიტებში გახვეული საქონლისა და ღორის ხორცის შერეული ფარში. იხარშება მარილიან წყალში ხუთი-შვიდი წუთის განმავლობაში. ხინკალი მთიელთა კერძად ითვლება, თუმცა იგი ბარის მოსახლეობაშიც არანაკლებ პოპულარულია. მთაში მას ცხვრის დაკეპილი ხორცისაგან ამზადებენ. მთაში ხინკალს ყველა დღესასწაულზე ამზადებენ. საუკეთესოდ ის ხინკალი ითვლება, რომელის ცომსაც უფრო მეტი ნაკეცი - "ნაოჭი" აქვს. ხინკალს, როგორც წესი, ლუდს აყოლებენ.
ჩაქაფული - ტყემალში, ტარხუნასა და სხვადასხვა მწვანილში ჩათუშული ხბოს ან ბატკნის
ხორცი, შეზავებული თეთრი ღვინით.
ხაშლამა - ახლადდაკლული საქონლის მოხარშული ხორცი.
კახეთში ძალზე პოპულარულია თუშური, გუდაში (ცხვრის საგანგებოდ გამოყვანილი ტყავისაგან დამზადებული ტომარა) გამოყვანილი ცხვრის ყველი - გუდის ყველი, მას ძირითადად მწყემსები ამზადებენ.შოთის პური ნავისებური ფორმის სპეციალურ ღუმელში - თონეში გამომცხვარი პური. თონე - თიხისაგან გამოყვანილი, გამომწვარი, აგურით ან ქვით გარშემორტყმული, ნაწილობრივ მიწაში ჩაფლული ღუმელი; თონე ნაკვერჩხალზე ღვივდება, მის გაცხელებულ კედლებზე ცომი ეკრობა და თანაბრად ცხვება.
კახეთში მრავლად არის ბოსტნეული, მწვანილი და სეზონური ხილი.

ძალზე პოპულარულია ყურძნის წვენისაგან დამზადებული დესერტი - ფელამუში და ჩურჩხელა.
ჩურჩხელას, ტრადიციულად, ყურძნის კრეფის დროს - რთველზე ამზადებენ. ყურძნის წვენი ნელ ცეცხლზე იხარშება, როდესაც იგი საჭირო კონსისტენციას აღწევს, ფქვილით აზავებენ და მასში ძაფზე აცმულ ნიგოზს ან თხილს ავლებენ. ამის შემდეგ ჩურჩხელა იკიდება და ორი კვირის განმავლობაში შრება.
ჩურჩხელა მეტად სასარგებლო და ნოყიერი საკვებია. ცნობილია, რომ მას ხშირად მეომრებსა და მწყემსებს ატანდნენ საგზლად.
დღესასწაულები


ფიროსმანობა

დიდი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილისადმი მიძღვნილი დღესასწაული "ფიროსმანობა" ყოველწლიურად ოქტომბრის თვის მესამე შაბათს, მის მშობლიურ სოფელში - მირზაანში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმართება.

მუზეუმის ტერიტორიაზეა თავად მხატვრის მიერ აგებული სახლი, სადაც ფიროსმანის სახლ-მუზეუმია განთავსებული. მუზეუმში წარმოდგენილია მხატვრის ტილოების ექსპოზიცია, დაცულია მისი პირადი ნივთები. სახალხო ზეიმზე თავს იყრიან ხელოვნების მოყვარულები; ეწყობა ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

იმართება შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ფოკლორული კოლექტივები. ადგილზე მზადდება ჩურჩხელები, იხარშება ხინკალი, თონეში ცხვება "დედას პური", შამფურზე იწვება მწვადი.


ილიაობა

ყოველწლიურად დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს - 8 ნოემბერს ყვარელში დიდი სახალხო დღესასწაული იმართება.

ილიას მემორიალურ ეზოში ტრადიციულად ცხვება შოთი პური, იწვება მწვადი, კეთდება თათარა, წისქვილში იფქვება ხორბალი, საწნახელებში მამაპაპური წესით (ფეხით) იწურება რქაწითელი და საფერავი, მარანში გაისმის კახური მრავალჟამიერი, იმართება სპორტული და საზეიმო ღონისძიებები.

20 წლის წინ 1987 წლის 2 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა და მას შემდეგ იგი "წმინდა ილია მართლად" მოიხსენიება.

ქეთევანობა

სახალხო დღესასწაული "ქეთევანობას" სოფელ გრემში ზეიმობენ. კახეთის დედოფალი ქეთევანი ეროვნული პრინციპეპის დამცველი, რწმენისა და სამშობლოსათვის წამებული დედოფალია. იგი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.

"ქეთევანობაზე" იმართება საეკლესიო სადღესასწაულო ლიტურღია, სახალხო სეირნობები, ტრადიციული ქართული ეროვნული თამაშობები - ჭიდაობა, ლახტი და ქართული ფოლკლორის კონცერტი.

გრემქალაქობა

ქალაქი გრემი 150 წლის მანძილზე კახეთის დედაქალაქი იყო. დღეს გრემის ტერიტორიაზე უძლიერესი სამონასტრო კომპლექსია განლაგებული, სადაც ყოველდღიური წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. სახალხო დღესასწაული რელიგიურს შეერწყა და ერთდროულად გრემქალაქობაც არის და მარიამობაც.

ყოველწლიურად 28 აგვისტოს იმართება სახალხო ზეიმი, იმართება ქართული სპორტული ჭიდაობა და ხალხური სიტყვის ზეიმი.


ერეკლეობა

სახალხო დღესასწაული ერეკლეობა ტრადიციულად ყოველი წლის 7 ნოემბერს აღინიშნება. მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე იშლება ფაცხები, თელავის სტუმრებს საშემოდგომო ნობათს სთავაზობენ. ეთნოგრაფიული კუთხეებში, წარმოდგენილია ხალხური რეწვის ნიმუშები გამოფენილი; ღია ცის ქვეშ იმართება თელაველი მხატვრების გამოფენა-გაყიდვა. თეატრში იდგმება ამ დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენები; ღვინის კომპანიები აწყობენ ღვინის დეგუსტაციას, ხშირად საეკლესიო გალობების თანხლებით.

მეფე ერეკლე II-ს საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი მხედართმთავრული და პოლიტიკური ნიჭით იყო დაჯილდოვებული. ერეკლე II-მ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის. ქვეყანაში შემოიღო სამხედრო სისტემა, მმართველობა ცალკეული უწყებების მიხედვით დაანაწილა. თანამიმდევრული ღონისძიებების განხორციელებით ქვეყანაში შექმნა კულტურისა და განთლების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები: თბილისსა და თელავში დაარსდა სკოლები და სემინარიები, ჩამოყალიბდა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი; აშენდა საწარმოები, განახლდა ზარაფხანის მუშაობა.

ერეკლეს სახელს უკავშირდება ციხე-სიმაგრეების, ეკლესია-მონასტრების, ხიდების, გზების და სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობების აშენება და აღდგენა.
                              ტურიზმი 



საქართველოში ბოლო პერიოდში ტურიზმის სფეროსადმი განსაკუთრებულმა ინტერესმა ბიძგი მისცა ტურმიზმის გამოცოცხლებას კახეთის რეგიონშიც. ადგილობრივი ტურისტების მოსაზიდად კახეთის რეგიონს აქვს გარკვეული უპირატესობები, როგორიცაა ისტორიული ძეგლების სიმრავლე და ღვინის ტურიზმის განვითარების დიდ პოტენციალი. ამასთანავე, კახეთს აქვს არაჩვეულებრივი ბუნებრივი პირობები. ეს რეგიონი ცნობილია უამრავი ისტორიულ-კულტურული ძეგლით, არაჩვეულებრივი ლანდშაფტით და ვაშლოვნის, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებით. შესაბამისად, იქმნება ხელსაყრელი პირობები ეკო და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისთვის და შესაძლოა, მალე კახეთი მოგვევლინოს ეკო-ტურიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად საქართველოში. ასევე, ვითარდება აგროტურიზმი და ძირითადი აქცენტი ამ სფეროშიც ღვინოზე მოდის.
თუშეთი ტურისტების ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია განუმეორებელი ლანდშაფტითა და ბუნებრივი რესურსებით, რომ არაფერი ვთქვათ თუშეთის აღკვეთილზე. ბოლო დროს თუშეთში საკმაოდ გაიზარდა ადგილობრივი სასტუმროების და სასტუმრო-სახლების რიცხვი, რაც კიდევ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს საქრთველოს სხვა კუთხეებიდან თუ საზღვარგარეთიდან.
ეკოტურიზმის განვითარებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ვაშლოვანის ნაკრძალს.
განსაკუთრებით ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ღვინის ტურიზმის პოპულარობის ზრდა.
განსაკუთრებული მდებარეობის, ისტორიული წარსულისა და ღვინის კულტურის გამო კახეთში ღვინის ტურიზმის ცენტრად ქალაქი სიღნაღია მიჩნეული. სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორის ურთიერთთანამშრომლობით სიღნაღის რეაბილიტაციამ და მისი ისტორიული ფასადის აღდგენამ არაჩვეულებრივი იერსახე შესძინა ქალაქს.
შემდგომში მოსალოდნელია ტურიზმის პოტენციალის მნიშვნელოვანი ზრდა, რაც კარგ წინაპირობას შექმნის უცხოელი ტურისტების მოსაზიდად. თბილისიდან მოკლე ტურების განვითარებისთვის იდელური იქნება სიღნაღის და თელავის ინფრასტრუქტურის შემდგომი რეაბილიტაცია. შესაძლოა, ტურიზმი სოფის მეურნეობასთან ერთად იქცეს კახეთის მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროდ.