კახეთში ღვინოს ყველა ოჯახში ამზადებენ. გლეხური წესით დამზადებული ღვინო ტოლს არ უდებს ცნობილ საფირმო ღვინოებს.
ტრადიციულად, დაკრეფილი ყურძენი გადასამუშავებლად სპეციალურ ნაგებობაში - მარანში თავსდება. დასაწურად საწნახელი გამოიყენება; მიღებული წვენი მიწაში ჩაფლულ ქვევრში ჩაედინება - იქ ღვინდება და ინახება.
ღვინის ტრანსპორტირებისა და შენახვისათვის გამოიყენება ტყავისაგან დამზადებული ტომრები - ტიკები და რუმბები.
ღვინის სასმისებად სპეციალურად დამზადებული თიხის ფიალები გამოიყენება. ტრადიციულად გამოიყენება, აგრეთვე - ყანწი, თხის ან ჯიხვის რქისაგან დამზადებული სასმისი.
მარანი

მარანი, როგორც წესი საწნახელითა და ქვევრითაა აღჭურვილი. ხშირად ღვინის დაყენებას თან ერთვის მისი დაჭაშნიკებაც, რისთვისაც მარანშივე ვხვდებით სუფრის გასაშლელ ატრიბუტიკას.
საწნახელი

ქვევრი

არქეოლოგიური გათხრებისას, ქვევრის კულტურა უძველეს ფენებშია აღმოჩენილი. არსებობდა აგრეთვე ქვევრის ეკლესიისადმი შეწირვის ტრადიცია. ეკლესია - მონასტრებში დღესაც შეხვდებით ძველისძველ ქვევრებს.
რთველი

ყურძნის საკრეფად დაწნული კალათა - გოდორი გამოიყენება. რთველი, მეზობლები და ნათესავები, ჩამოსული სტუმრები მონაწილეობენ; სამუშაო დღის დასასრულისთვის ხალხი სუფრასთან იყრის თავს, სადაც რთველის დღესასწაულს განსაკუთრებული მხიარულებით აღნიშნავენ.
ინ ვინო ვერიტას - წარსულიდან თანამედროვეობამდე
კახეთის არცთუ ისე დიდ ტერიტორიაზე უამრავ მიკროზონას ვხვდებით: მათ შორის - ყვარლის, მანავის, წინანდლის, მუკუზანის და სხვ. კახური ღვინოების სახელწოდება, ძირითადად, ადგილის სახელწოდებიდან მომდინარეობს. საქართველოში არსებული ვაზის მრავალი ჯიშიდან, დღესდღეობით ღვინის მრეწველობაში ძირითადად რქაწითელისა და საფერავის ყურძნის ჯიშები გამოიყენება; ვაზის აბორიგენული ჯიშების ევროპულ ტექნოლოგიასთან შერწყმის შედეგად უნიკალური ღვინო მიიღება.
დღესდღეობით კახეთში მრავალი დიდი და მცირე ზომის ღვინის საწარმო ფუნქციონირებს. ამ ქარხნებში უმეტეს წილად ევროპული წესით დაყენებული ღვინო მზადდება. ქარხნები აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, გათვალისწინებულია ღვინის დამზადების უახლესი ტექნოლოგიები. დღეს ქართული ღვინო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყიდება და ტოლს არ უდებს საუკეთესო ევროპულ ღვინოებს. მას მრავალი ჯილდო და მედალი აქვს მიღებული საერთაშორისო გამოფენებსა და ბაზრობებზე.
კახეთის ტერიტორიაზე არსებულ ღვინის ქარხნებში სპეციალურად დამთვალიერებლებისათვის მოწყობილია სადეგუსტაციო დარბაზები.
ყოველი წლის შემოდგომაზე, ყურძნის კრეფის - რთველი დასრულებისას იმართება "ღვინის ფესტივალი" - სტუმრებს უმასპინძლდებიან ღვინითა და მათს თვალწინ დამზადებული ქართული კერძებით.
შესაძლებელია როგორც კახური ტექნოლოგიით დამზადებული გლეხური ღვინის, ასევე ევროპული წესით დამზადებული ღვინის დაგემოვნება. იმართება სამღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, სხვადასხვა თეატრალიზებული სანახაობები. იმართება ხელით ნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გლეხები ოჯახში დაწურულ ღვინოს სთავაზობენ ფესტივალის სტუმრებს, ღვინის კომპანიები კი თავის ნაწარმით უმასპინძლდებიან.
No comments:
Post a Comment