გომბორის მთვარე დაიფშვნა, მაგრამ
მაინც აქამდე თავის ნანგრევებს უძლებს უჯარმა,
გასტანოს ძმებო, ჩვენს სიკვდილამდე
ამ სიყვარულის ცეცხლის გუჯარმა
ასეთი იყო ის ღამე მაშინ,
ვახტანგს რომ ციდან მოესმა რეკა
დღესაც ქვითინით სტირიან ცაში
ვაჟა-ფშაველას ღვია და დეკა.
და სართიჭალის მეთარე საქო
ჩვენთვის აკაკი მღერის “სულიკოს”
ჩვენც ხო იმისთვის გვყოლია სატრფო
რომ ისიც ასე დაკარგულიყო.
აშუღმა თავის თქვა აშულური
სხვა სათქმელი აქვს ამ ჩვენს სამებას,
მაგრამ გაგვიხდა სიტყვა უძლური
და სათითაოთ ენა დაგვება.
მელიტა, ნინო, რძალი ზენარი –
მშვენიერებით შეემოსა კალთები კახეთს,
დაქალებული ვეფხვიც ეგ არი,
ბეწვის ხელიდან სამოთხე ვნახეთ.
დედის რძესავით ტკბილია ღამე,
იორი ჩქეფით ოცნებას არწევს.
გამოვა წამით გომბორის მთვარე
და გორგასალი ხმალით გადასწევს.
ტ. ტაბიძე
ნინოობა დღეს
თითქმის უცვლელად
ამ გზებზე ქარნი
ქრიან ძლიერნი.
იფარებიან
გზები ბურუსით,
თითქოს... რაღაცას
მოელიანო...
ცას შეავედრებს
დათოვლილ სოფლებს, -
ნათელი რამე
გზაზე დგებაო:
ბოდბედან თვისი
კაბის შრიალით,
ამბობენ, ნინო
მობრძანდებაო.
ანა კალანდაძე
ცივ-გომბორიდან სიმღერით
სიცოცხლის გადასახედი
მოსჩანს იისფერ ნისლებში
კახეთი, ჩემი კახეთი.
ღრუბლებში ამაღლებული
დგას ალავერდის ტაძარი,
ფიქრივით მიმოფანტულა
ნანგრევები და ნაცარი
იყალთოს დიდი ტაძრისა,
იყალთოს სიბრძნის ტაძრისა
რომლის სხივებმა წინაპარს
გზა მწუხრში გაუნათლისა.
ცივ-გომბორიდან სიმღერით
სიცოცხლის გადასახედი,
კახეთი ტკბილი კახეთი.
ი. ნონეშვილი
ლურჯად ბიბინებს ზღვა სანახეთა,
სიშორე ჰყვირის, როგორც თავხედი.
მე სიღნაღიდან ველს რომ გავხედავ,
მაშინ მივხვდები - რაა კახეთი!
რა ლამაზია ეგ დასაწვავი,
რა უშფოთველი და სამოთხური...
შორს ალაზანი, როგორც ნაწნავი,
გდია ჭალებით გარშემორტყმული,
აქეთ - ანაგა, იქით - ვაქირი,
ცა - დაკეტილი მთების სარაზით...
და მაშ, რა არი აქ გასაკვირი,
რომ მეც დავთვერი ამ სილამაზით!
მიხეილ ქვლივიძე
No comments:
Post a Comment