საქართველოს ყოველ მხარეს მისთვის დამახასიათებელი სამზარეულო აქვს. კახეთში უფრო პოპულარული ხორცის კერძებია, რაც მეცხოველეობის განვითარებასთანაა დაკავშირებული. ხშირად მზადდება მწვადი, ხინკალი, ხაშლამა, ჩაქაფული.


ჩაქაფული - ტყემალში, ტარხუნასა და სხვადასხვა მწვანილში ჩათუშული ხბოს ან ბატკნის
ხორცი, შეზავებული თეთრი ღვინით.
ხაშლამა - ახლადდაკლული საქონლის მოხარშული ხორცი.
კახეთში ძალზე პოპულარულია თუშური, გუდაში (ცხვრის საგანგებოდ გამოყვანილი ტყავისაგან დამზადებული ტომარა) გამოყვანილი ცხვრის ყველი - გუდის ყველი, მას ძირითადად მწყემსები ამზადებენ.შოთის პური ნავისებური ფორმის სპეციალურ ღუმელში - თონეში გამომცხვარი პური. თონე - თიხისაგან გამოყვანილი, გამომწვარი, აგურით ან ქვით გარშემორტყმული, ნაწილობრივ მიწაში ჩაფლული ღუმელი; თონე ნაკვერჩხალზე ღვივდება, მის გაცხელებულ კედლებზე ცომი ეკრობა და თანაბრად ცხვება.
კახეთში მრავლად არის ბოსტნეული, მწვანილი და სეზონური ხილი.

ჩურჩხელას, ტრადიციულად, ყურძნის კრეფის დროს - რთველზე ამზადებენ. ყურძნის წვენი ნელ ცეცხლზე იხარშება, როდესაც იგი საჭირო კონსისტენციას აღწევს, ფქვილით აზავებენ და მასში ძაფზე აცმულ ნიგოზს ან თხილს ავლებენ. ამის შემდეგ ჩურჩხელა იკიდება და ორი კვირის განმავლობაში შრება.
ჩურჩხელა მეტად სასარგებლო და ნოყიერი საკვებია. ცნობილია, რომ მას ხშირად მეომრებსა და მწყემსებს ატანდნენ საგზლად.
No comments:
Post a Comment